უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ტყიბული

სრული ინფორმაცია

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, რომელიც ისტორიულ ოკრიბას მოიცავს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ -  ქვემო იმერეთში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. მყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭიათურა, სამხრეთით თერჯოლა,  სამხრეთ-დასავლეთით ქალაქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი 470 კმ2-ს.

ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით  14000-ს, ხოლო სოფლების მოსახლეობა 17 000-ს.

ტყიბულში მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენის თარიღად 1825 წელი ითვლება, ხოლო მისი სამრეწველო დამუშავება- ექსპლოატაცია 1846 წელს დაიწყო. 

„ოკრიბა" პირველად მოიხსენიება 1071 წლის ნიკორწმინდის „იადიგარში", ხოლო ტყიბული კი დაახლოებით 1259-1293 წლით დათარიღებული ისტორიულ წყაროში „შეწირულების დაწერილ გელათის დაკანოზ იაკობისა ხახულის ღვთისმშობლისადმი".

ოკრიბა განთქმულია  ისტორიული ძეგლებით. ისინი ყურადღებას იქცევენ თავიანთი მოზაიკით, მოხატულობით, ფრესკული და ლაპიდარული წარწერებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია  გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული ბაგრატის ტაძართან ერთად. გარდა გელათისა, მუნიციპალიეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა და „ნაქალაქარი". ასევე ჯვარისის, ცუცხვათის და საწირის ციხეები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, X - XI სს., სოფელ კურსებში; ადრეული შუასაუკუნეების ციხე „შეუპოვარი" სოფელ მუხურაში; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, XI - XII სს., ფრესკები,  სოფელ კისორეთში; გვიანი შუასაუკუნეების კოშკი  და მთავარანგელოზის კარის ეკლესია, X - XI სს., წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებით, სოფელ ძიროვანში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, XII ს, ბარელიეფი, სოფელ ბუეთში;  წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ლაპიდარული წარწერები,  სოფელ ჯონიაში; მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ბარელიეფი, სოფელ ძმუისში; ცხრაჯვარის მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ზღვის დონიდან 1570 მეტრზე, შემორჩენილია კედლების ნაწილები; გვიანი შუასაუკუნეების ციხე სოფელ ცუცხვათში.

ბუნების საოცრებას წარმოადგენს ცუცხვათის კარსტული მღვიმოვანი „მაღარა", რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები", რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.

ტყიბულში, გარდა გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსისას , მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს ცუცხვათის მღვიმოვანს, რომელიც 1974 წლიდან სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული და ცხრაჯვარს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულისა და შაორის წყალსაცავების ტერიტორია.

ტყიბული

გელათის მონასტერი (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

გელათის მონასტერი (ვიდეო)

10 საუკუნოვანი ისტორიის მქონე გელათის მონასტერი ქუთაისიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

აქ ჩამოსვლისას გაგაოცებთ ქუთაისისა და წყალწითელას ულამაზესი ხედი, რომელიც მონასტრიდან იშლება.

გელათის სამონასტრო კომპლექსი უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიული მნიშვნელობის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მეფე დავითი, რომელსაც ხალხმა აღმაშენებელი უწოდა.

გადმოცემის თანახმად, მეფე დავითმა თავად მოითხოვა მისი ნეშტი მონასტრის შესასვლელში დაეკრძალათ, რათა ყველა მომსვლელს მის საფლავზე ფეხით გადაევლო. საუკუნეების განმავლობაში ეს ტრადიცია უცვლელია და საფლავზე ფეხის დაბიჯების რიტუალს აქ ყველა სტუმარი ასრულებს. 

Linkedin