უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ხონი

სრული ინფორმაცია

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რომელიც იმერეთის რეგიონს ეკუთვნის, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთი გაგრძელებაა.  ხონს დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, სამხრეთ-დასავლეთით - აბაშის, სამხრეთით - სამტრედიის, აღმოსავლეთით წყალტუბოს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ცაგერის მუნიციპალიტეტები.

რელიეფის მიხედვით ხონის მუნიციპალიტეტი სამ ზონად იყოფა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები. ხონის ტერიტორია 429,5 კვ.კმ.-ია. ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი - ზღვის დონიდან 62 მეტრი, ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი - ზღვის დონიდან 2436,7 მეტრი. ტყეებს 20000 ჰექტარი უკავია.          

ხონის ტურისტული პოტენციალი

ხონში ტურიზმის თვალსაზრისით საინტერესოა:

მდინარე ცხენისწყლის ხეობა

მდინარე ცხენისწყლის ხეობა აღმოსავლეთის დიდი სააბრეშუმო გზის ერთი წვერი ქუთაისის, ხონის, ბუმბუას ხიდის და ნაქალაქევის გავლით შავ ზღვას აღწევდა. მისი ერთი ტოტი გახლდათ ცხენისწყლისხეობის გზა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისაკენ. ( ხონის სიახლოვეს ამ გზის გასწვრივ 1272 ცალი ანტიკური ხანის მონეტაა ნაპოვნი). ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული შიგა გზა ჩვენს წინაპრებს საგანგებოდ გაუმაგრებიათ ციხეებით: უნაგირა (ხუნწში), მათხოჯის ციხე, დიდღვაბუნის ანუ ქვედაგორდის ციხე, რეხის ციხე, ველისა და მეჭიის ციხეები, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე გვაშტიბის ციხე და სხვ. მდინარის ხეობა და ამ ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით.    ცხენისწყალი მეტად პერსპექტიულია ასევე პატარა სპორტული ნავებით სამოგზაუროდ, სათავიდან შესართავამდე. ამ დანიშნულებით ადრე იყენებდნენ კიდეც მდინარეს.

ასხის მთა

ასხის მთა ასხის სუბალპიური მთის მასივის კალთებს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე წიწვოვანი ტყე ფარავს. მისი გლუვზედაპირიანი ბორცვები გამოყენებულია საზაფხულო საძოვრებად. მათგან უმაღლესი ბორცვის – ლეხის სიმაღლე 2449 მეტრია. მასივის ეს ნაწილი ივნისის პირველ დეკადამდე დაფარულია თოვლით და თავისი ბუნებრივი პირობებით არ ჩამოუვარდება გუდაურსა და ბაკურიანს. იგი ქუთაისიდან 50 კილომეტრზეა. ასხის მთა სპელეოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან პერსპექტიულია. იგი მდიდარია კარსტული მღვიმეებით.

მდინარე ოკაცეს კანიონი

ოკაცე ასხის მთიდან მოედინება. მისი უძველესი – მილიონ წელზე მეტი ხნის და ულამაზესი კანიონის სიგრძე 16 კილომეტრამდეა. სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. ბევრგან გადებულია ბუნებრივი ქვის ხიდი („ქვახიდა“), ერთი მათგანია „ბოგა“, რომლის ქვემოთ კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს. კანიონს აქვს მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. მდინარე ოკაცეს გორდის მონაკვეთზე მოწყობილია კიდული ბილიკები, რაც საშუალებას იძლევა მდინარის ლანდშაფტის უკეთ დასათვალიერებლად. ვიზიტორთა სახლიდან ბილიკი დადიანის ტყე-პარკს გაივლის , სადაც შესაძლებელია სასახლის ნანგრევებისა და დადიანთა კარის ეკლესიის დათვალიერება.

კიბულა

კიბულა მასიური კლდის ზღუდით „შემორაგვული“, დასავლეთისკენ დახრილი ველი სოფელ კინჩხაში. სადაც ალაგ-ალაგ ხელოვნური და ნაშენით ამაღლებული, კლდეში გაჭრილია ციხის კარი, მამუკასკარი. აქვეა ვეებერთელა ნანგრევები „ნადარბაზევი“. ჩრდილო მხარე ვებერთელა გალავნითაა გამაგრებული. დღემდე შემოინახა თიხის მილებისაგან გაკეთებული წყალგაყვანილობის სისტემა. მნახველს ანცვიფრებს გალავნის ქვათა სიდიდე.

ტარეში

მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი სოფელ კინჩხაში. ის არის დღემდე შემორჩენილი წარმართობისდროინდელი წალკოტის ნაშთი, სადაც ქრისტიანებს წმინდა სამების სახელზე სამი ურთხელი დაუტოვებიათ, სხვები გაუჩეხიათ. მათგან ერთი დღესაც არის. იგი ერთ–ერთი ყველაზე ასაკოვანი ხეა საქართველოში. იქვეა წყარო, უძველესი ეკლესიის ნანგრევები. ასევე კლდეში ოვალურად ამოშენებული თაღებიანი, ნახევარწრის ფორმის აკლდამა. (VI- VIII ს.)

ხოჩოლი

ადრეული რკინის ხანის გორა ნამოსახლარია, სადაც აღმოჩენილია რკინის საომარი ნაჯახი და სხვა (კინჩხის ეს ძეგლები გზის სიახლოვესაა).

 „სათევზიის“ კარსტული მღვიმე

 მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ძეძილეთში. იგი „პრომეთეს“ მღვიმიდან (ს. ყუმისთავი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 7 კმ-ისმანძილზეა.

გასული საუკუნის 70-80იან წლებში სპელეოლოგებისა და მედიკოსების მიერ შესწავლილი იქნა მღვიმე და დადგინდა მისი უნიკალურობა როგორც ბუნებრივი ძეგლის ისე სამკურნალო თვალსაზრისით. მღვიმის დარბაზებში უხვადაა სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტბები და სხვა. „სათევზიის“ მღვიმე საჭიროებს საბოლოო შესწავლას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც მას მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად აქცევს.

ხონის საკათედრო ტაძარი

ხონის საკათედრო ტაძარი წმინდა გიორგის ეკლესია (VIII ს.). სამნავიანი ბაზილიკური ტიპის უგუმბათო ნაგებობა. აგებულია სადა, თეთრი ნათალი ქვით. აღტაცებას იწვევს ეკლესიის მხატვრობა. კედლებზე დაცულია ისტორიული ხასიათის რამდენიმე წარწერა და ფრესკა. ხონის საყდარში დაცული რელიქვიებიდან, აღსანიშნავია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი დიდი ხატი, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს ხელოვნებათმცოდნეები.

ხონშია დაკრძალული წმინდა გიორგის მარჯვენა მკლავი, (მარცხენა კიილორში).

1996 წლიდან, ეპარქიის აღდგენის შემდეგ წმინდა გიორგის ეკლესია, ხონი-სამტრედიის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.

მუზეუმები: 

ხონის ისტორიული მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, დ. გურამიშვილისქ. №3 -ში. მუზეუმში დაცულია ათობით უნიკალური ძეგლი, ხელნაწერი და დოკუმენტი.   მუზეუმს აქვს სამი განყოფილება: საბრძოლო დიდების მუზეუმი პოლიკარპე კაკაბაძისა და ირაკლი აბაშიძის მემორიალები.

ხონი

ოკაცეს კანიონი (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

ოკაცეს კანიონი (ვიდეო)

 

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს.

სოფელი ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზეა განთავსებული.

კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

ოკაცეს კანიონი 2014 წელს გაიხსნა. კანიონი ვიზიტორებისთვის ღიაა მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.

ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში ბილიკზე გასვლა აკრძალულია.

სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 17:30 საათამდე.

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

ოკაცის კანიონზე ვიზიტი ფასიანია:

  • ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის - 5 ლარი
  • ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 8 ლარი
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 15 ლარი;

Linkedin