უკან დაბრუნება

რეგიონი : იმერეთი

მუნიციპალიტეტი : ტყიბული

სრული ინფორმაცია

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, რომელიც ისტორიულ ოკრიბას მოიცავს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ -  ქვემო იმერეთში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. მყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭიათურა, სამხრეთით თერჯოლა,  სამხრეთ-დასავლეთით ქალაქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი 470 კმ2-ს.

ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით  14000-ს, ხოლო სოფლების მოსახლეობა 17 000-ს.

ტყიბულში მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენის თარიღად 1825 წელი ითვლება, ხოლო მისი სამრეწველო დამუშავება- ექსპლოატაცია 1846 წელს დაიწყო. 

„ოკრიბა" პირველად მოიხსენიება 1071 წლის ნიკორწმინდის „იადიგარში", ხოლო ტყიბული კი დაახლოებით 1259-1293 წლით დათარიღებული ისტორიულ წყაროში „შეწირულების დაწერილ გელათის დაკანოზ იაკობისა ხახულის ღვთისმშობლისადმი".

ოკრიბა განთქმულია  ისტორიული ძეგლებით. ისინი ყურადღებას იქცევენ თავიანთი მოზაიკით, მოხატულობით, ფრესკული და ლაპიდარული წარწერებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია  გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული ბაგრატის ტაძართან ერთად. გარდა გელათისა, მუნიციპალიეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა და „ნაქალაქარი". ასევე ჯვარისის, ცუცხვათის და საწირის ციხეები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, X - XI სს., სოფელ კურსებში; ადრეული შუასაუკუნეების ციხე „შეუპოვარი" სოფელ მუხურაში; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, XI - XII სს., ფრესკები,  სოფელ კისორეთში; გვიანი შუასაუკუნეების კოშკი  და მთავარანგელოზის კარის ეკლესია, X - XI სს., წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებით, სოფელ ძიროვანში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, XII ს, ბარელიეფი, სოფელ ბუეთში;  წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ლაპიდარული წარწერები,  სოფელ ჯონიაში; მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ბარელიეფი, სოფელ ძმუისში; ცხრაჯვარის მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ზღვის დონიდან 1570 მეტრზე, შემორჩენილია კედლების ნაწილები; გვიანი შუასაუკუნეების ციხე სოფელ ცუცხვათში.

ბუნების საოცრებას წარმოადგენს ცუცხვათის კარსტული მღვიმოვანი „მაღარა", რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები", რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.

ტყიბულში, გარდა გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსისას , მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს ცუცხვათის მღვიმოვანს, რომელიც 1974 წლიდან სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული და ცხრაჯვარს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულისა და შაორის წყალსაცავების ტერიტორია.

ტყიბული

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი (ვიდეო)
რუკაზე ჩვენება

კატეგორია : ღირშესანიშნაობები

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი (ვიდეო)

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი ქუთაისიდან 6 კილომეტრში, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. იქ მოსახვედრად ქალაქის ცენტრიდან 15 წუთიც საკმარისია. მონასტერში მისულებს გარდა არქიტექტურული სანახაობისა, დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება და მდინარე, სადაც წითელი წყალი მიედინება.

მონასტერს, მოწამეთა, მოწამეობრივად აღსრულებული ძმების, დავით და კონსტანტინეს გამო ეწოდა. მერვე საუკუნეში საქართველოში შემოჭრილმა არაბთა უკანასკნელმა ხალიფამ, მურვან ყრუმ, ძმებს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა, რასაც არგვეთის მთავრები არ დათანხმდნენ. ისინი წამებით მოკლეს. ამის შემდეგ მათ სახელზე მდინარე წყალწითელას ხეობაში ეკლესია აშენდა. წამებით აღსრულებული ძმების ნეშთები ამ დრომდე ეკლესიაში ინახება, სადაც მომლოცველები ერთგვარ რიტუალს ასრულებენ. მათ სჯერათ, რომ თუ დავით და კონსტანტინეს ნეშტების ქვეშ არსებულ გვირაბში გაივლიან, სურვილი აუსრულდებათ.

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს გარს აკრავს ულამაზესი ხეობა, სადაც მიედინება მდინარე წყალწითელა. მდინარეს ეს სახელი იქ არსებული წითელი ქანების გამო ეწოდა, რის გამოც, მდინარეში წითელი შეფერილობის წყალი მიედინება.

Linkedin